გლობალური მშვიდობის ინდექსი 2018

გლობალური მშვიდობის ინდექსი არის მშვიდობისა და ეკონომიკის ინსტიტუტის მიერ შემუშავებული მაჩვენებლი, რომელიც 23 რაოდენობრივი და თვისებრივი ინდიკატორის მიხედვით ითვლება. ინდექსი ფარავს მსოფლიო მოსახლეობის 99,3%-ს. იგი აფასებს სიტუაციას როგორც ქვეყნების, ასევე რეგიონების მიხედვით, სწავლობს მშვიდობის განვითარების დინამიკას. 2017 წელს ინსტიტუტმა მსოფლიოს 163 ქვეყნის მონაცემები შეისწავლა ისეთ სფეროებში, როგორიცაა: მთლიან შიდა პროდუქტში სამხედრო დანახარჯების წილი, მძიმე შეიარაღების რაოდენობა, პატიმართა რაოდენობა, მკვლელობები, ძალადობრივი დემონსტრაციები, იარაღის ხელმისაწვდომობა, დევნილები და მათი წილი მოსახლეობის საერთო რაოდენობასთან, საზოგადოების კრიმინალური დონე, შიდა კონფლიქტები, პოლიტიკური ტერორი (ადამიანის უფლებათა დაცვა) და ა.შ.

2018 წლის გლობალური მშვიდობის ინდექსში საქართველოს პოზიცია შარშანდელთან შედარებით გაუარესდა: იგი 163-ქვეყნიან რეიტინგში 102-ე ადგილს იკავებს (საერთო ქულით – 2.13). ამის მიუხედავად, იგი ერთადერთი ქვეყანა აღმოჩნდა, სადაც მშვიდობიანობა 10-წლიან პერსპექტივაში (2008-2018) დაბალი რეიტინგიდან მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ამის მიზეზად სახელდება პოლიტიკური და ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესება, რაც ხელს უწყობს მშვიდობაინობის ზრდას. ინდექსის მიხედვით, საქართველოს ყველა მაჩვენებელი გაუმჯობესებულია ერთის გარდა: ეს არის სხვების უფლებების მიმღებლობა, რაც გამოწვეულია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტური რეგიონების არსებობით. რეგიონულ ჭრილში, საქართველო “რუსეთისა და ევრაზიის” 12 ქვეყანას შორის მე-4 ადგილს იკავებს. ამ სიის ბოლოს კი რუსეთია (რომელიც ასევე საერთო რეიტინგის ყველაზე უარეს ათეულში შედის). 

რაც შეეხება სხვა ქვეყნების პოზიციებს:  2018 წლის გლობალური მშვიდობის ინდექსში სომხეთი – 120 ადგილზეა, აზერბაიჯანი- 132, თურქეთი – 149, რუსეთი – 154, უკრაინა – 152, შტატები – 121, გაერთიანებული სამეფო – 57, პოლონეთი – 32, გერმანია – 16.

გასულ წელთან შედარებით მცირე ცვლილებებია მსოფლიოს ყველაზე მშვიდობიანი ქვეყნების ათეულში: სიის სათავეში დარჩნენ ისლანდია და ახალი ზელანდია. ავსტრიამ და პორტუგალიამ ადგილები გაცვალეს (შესაბამისად, მე-3 და მე-4 ადგილები), დანია კვლავ მე-5ზე დარჩა. კანადამ 1 წლის განმავლობაში მე-8-დან მე-6 ადგილზე გადაინაცვლა,  სლოვენიამ და შვეიცარიამ ადგილები დაუთმეს ჩეხეთსა და სინგაპურს (შესაბამისად, მე-7 და მე-8 ადგილები); ათეულში ასევე აღმოჩნდა იაპონია და ირლანდია.

მცირე ცვლილებებია ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე ქვეყნების ათეულშიც. ათეული დატოვა უკრაინამ, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკამ, სუდანმა, სამაგიეროდ აქ აღმოჩნდა რუსეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა. ლიბია, იემენი, სომალი, სამხრეთ სუდანი, ერაყი, ავღანეთი და სირია სტაბილურად დარჩნენ რეიტინგის ბოლოს.

2018 წლის გლობალური მშვიდობის ინდექსის სრული ტექსტი, სტატისტიკა და მიმოხილვა (ინგლისურ ენაზე) ხელმისაწვდომია ამ ბმულზე. 

This entry was posted in Reports/researches and tagged , , , , . Bookmark the permalink.

Leave a comment

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.